- რატომ უნდა შევიძინოთ ტვიდის ქსოვილისაგან შექმნილი სამოსი?
თუ გსურთ, მდიდრულად და სოლიდურად გამოიყურებოდეთ ტვიდი ამისთვის ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალია. ეს სწორედ ის უნივერსალური ფაქტურაა, რომელიც სეზონის მიუხედავად აქტუალურობას არ კარგავს, მათ შორის ზამთარშიც, როდესაც ძალიან ცივა და ყველა გაურბის მოკლე ქვედაბოლოებისა თუ შორტების მორგებას, ტვიდი აქაც მშველელად მოევლინა მინი ქვედების მოყვარულებს, რადგანაც ძაფების მჭიდრო მდგომარეობისაგან შექმნილი სამოსი საკმაოდ თბილი გამოდგა და ამავდროულად მოხდენილიც - ზამთრის ფეხსაცმელებთან და კოლგოტებთან. ამასთან, ის მაღალი ხარისხის,ლამაზი და მოდური ქსოვილია, რომელიც გამოირჩევა ფერთა დიდი პალიტრით.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან
ტვიდი უხეში კვანძოვანი შალის ქსოვილია, რომელიც ძაფების გადაბმის სხვადასხვა მიმართულებით იქმნება, სწორედ ამიტომ მისი ფერთა მრავალფეროვნება ქსოვილის კვანძებშიც გვხვდება. მაღალი თუ კომერციული მოდა სულ უფრო ხშირად წარადგენს ტვიდისგან შექმნილ პიჯაკებს. ქსოვილის პოპულარობამ მისგან შექმნილი სამოსის მრავალფეროვნებაც გამოიწვია, ახლა უკვე ვხვდებით ტვიდის ქვედაბოლოებს, შარვლებს, ბლუზებს, შორტებს და აქსესუარებს.
რატომ ვამბობთ, რომ ტვიდი სიმდიდრესთან და სოლიდურობასთან ასოცირდება? - მოდი მივუბრუნდეთ ამ თემას. მანამ, სანამ ტვიდს აღმოაჩენდა ერთ-ერთი მოდის სახლი, მისი მორგების ფუფუნება, მხოლოდ დიდგვაროვან ქალბატონებს ჰქონდათ და ეს უკანასკნელი მათ მკაცრ სტილს უკავშრდებოდა.
რატომ აღმოაჩინეს ტვიდი? - იმიტომ რომ მანამდე მისთვის, როგორც მასობრივი წარმოების ქსოვილისთვის, არასოდეს შეუხედავთ. თავიდან მისგან მხოლოდ ექსკლუზიური მამაკაცის ქურთუკები იქმნებოდა. როგორც ჩანს მასში სინაზე და ქალურობაც არავის შეუნიშნავს, გარდა ერთისა.
- ვის სახელს უკავშირდება ტვიდის მასობრივი წარმოება?
ვინ იყო ის ერთი, რომელმაც ტვიდის ერა შექმნა? - თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ერა კი არა - მუდამ მოდური ქსოვილი, რომელიც "მოდიდან არ გადადის".
1920-იან წლებში გაბრიელ შანელი გახდა პირველი მოდის დიზაინერი, რომელმაც ქალის ტანსაცმლის ადაპტირება მოახდინა. მას შემდეგ, ყოველ სეზონზე ის აგრძელებდა სიახლეების შეთავაზებას. თუ კი ხედავდა, რომ ქალებისთვის მეტი კომფორტის მიცემა შეეძლო, აუცილებლად აკეთებდა ამას. მან შექმნა ქალი, რომელიც მოგზაურობს, მოძრაობს, მართავს მანქანას და დაკავებულია სპორტით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტვიდისგან მხოლოდ მამაკაცის ქურთუკები იქმნებოდა. გაბრიელ შანელმა შთაგონება სწორედ იმ მამაკაცების სამოსში ჰპოვა, რომლებიც მის ცხოვრებაში ჩნდებოდნენ - იყვნენ ინოვაციურები, მოტივირებულები და ელეგანტურები და მან შექმნა ტვიდის პიჯაკები ასეთივე ქალებისთვის, ან/და იქნება, უთხრა მათ, რომ ყოფილიყვნენ ისეთივე ამბიციურები, როგორც კაცები.
1927 წლიდან შანელი იყენებს ტვიდის ქსოვილს ქალის სპორტული და დღის კოსტიუმებისა და პალტოების დასამზადებლად, ხოლო 1954 წელს მან პირველად წარადგინა ტვიდის პიჯაკი, რომელსაც დღეს შანელის საკულტო პიჯაკად ვიცნობთ. ეს იყო და ეს, ტვიდი მალევე აიტაცეს სხვა დიზაინერებმაც და ასე შეიქმნა ახალი კლასუკური სტილის ვარიაცია. თუმცა ვერაფრით დავივიწყებთ, რომ ტვიდი მხოლოდ კლასიკად არ შეურაცხავთ, თანამედროვე მოდა დღეს მას შესანიშნავად უფერებს ჯინსებს, მოკლე ქვედაბოლოებსა თუ სპორტულ ფეხსაცმელს. ამრიგად, ეს უკანასკენლი უნივერსალური გახდა - ტვიდმა ფეხი სამყაროს აუწყო.
- რა გახდა შანელის ტვიდის სპეციფიკა?
ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ტვიდის ქსოვილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანია. ახლა კი ვისაუბროთ ამაზე, თუ რატომ გამოირჩევა ის ფერთა სიუხვით და ვინ შექმნა მისი სპექტრულობა.
1924 წელს გაბრიელ შანელი იწყებს თანამშრომლობას შოტლანდიურ ქარხანასთან, რომელიც აწარმოებდა ქსოვილებს მის რჩეულ ფერებში. ის ქმნიდა სპექტრს თავისი ინსპირაციის მიხედვით, ერთ-ერთი შოტლანდიის სოფელიც კი გახდა და შანელმა შეაქმნევინა ამ უკანასკნელის ფოთლების, ხავსის და მიწის ტონალობებისაგან შექმნილი ქსოვილი.
გაბრიელ შანელმა გააძლიერა ტვიდში ნათელი ფერის ძაფები, განსაკუთრებულად იისფერი და წითელი. მოდის დიზაინერი გაბედული აღმოჩნდა შემდეგ ექსპერიმენტშიც, ის ტექსტილის ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებდა და აერთიანებდა ხელოვნურ ბოჭკოებს შალის ძაფებით, რათა მიეღო მსუბუქი და ფუმფულა ქსოვილები. თამაშობდა ფანტასტიკურ ძაფებთან, რომელთა უსწორმასწორობაც ყველაზე მეტად მოსწონდა. მატყლის, ბამბისა და აბრეშუმის კომბინაციით მან ის მრავალფეროვნება მიიღო, რომელიც ბევრჯერ აღვნიშნეთ უკვე - სწორედ ეს გახდა შანელის ტვიდის სპეციფიკა.
- როგორ გახდა ტვიდი შანელის ლუქის ფუნდამენტური ნაწილი?
მაშ ასე, გაბრიელ შანელმა აღმოაჩინა ტვიდი, მისი რეპერტუარის გაგრძელება და გაძლიერება კი კარლ ლაგერფელდს უკავშირდება, რადგან სწორეს ის იყო, ვინც პიჯაკების გარდა, დაიწყო ქსოვილის გამოყენება ყველა სილუეტისთვისა და სიტუაციისთვის, მან შექმნა ქურთუკები, დღისა თუ საღამოს კაბები, ქვედაბოლოები და შორტები.
ლაგერფელდი სამოსზე არ გაჩერებულა, მან წარმატებულად აწარმოა ტვიდის აქსესუარებიც - ჩანთები, ფეხსაცმელები, სამკაულები. სწორედ მან გამოიკვლია ტვიდის ყველა ვარიაცია - ჯინსთან, ტილოსთან, შიფონთან, ლურექსთან, ტყავთან და ა.შ. კომბინაციაში. კარლმა გააფორმა ტვიდის სამოსი მაქმანებით, მძივებით, მარგალიტებით, ბუმბულებითა თუ ნაქარგებით. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლაგერფელდს ლომის წილი მიუძღვის შანელის საკულტო ქსოვილის შექმნაში. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შანელმა შექმნა ტვიდი, ხოლო ლაგერფელდმა ამოწურა მისი რესურსი.
- ტვიდი კომერციაში.
ტვიდის შესაძლებლობები დადებითად მხოლოდ მაღალ მოდას როდი შეუფასებია. ეს ქსოვილი კომერციამ ისევე შეიყვარა, როგორც თავად შანელმა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ყველგან ვხედავთ ტვიდს, ყველას გარდერობში მოიძებნება ერთი ტვიდის სამოსი ან აქსესუარი მაინც. სხვადასხვა ბრენდები აწარმოებენ ამ უკანასკნელისაგან შექმნილ სამოსს საკუთარი ბრენდირებით. თუმცა ნებისმიერი მოდის სახლისგან შექმნილი და მოწოდებული ტვიდი ჩვენთვის, მაინც შანელთან ასოცირდება. და როცა ვხედავთ ერთმანეთს ამ ულამაზეს ქსოვილის სამოსში გამოწყობილს - ვამბობთ ან გავიფიქრებთ - შანელის სტილშია.